ბუბაკარ კამარა ინგლისურ კლუბში გადასვლამდე ერთი ნაბიჯითაა დაშორებული.

„ასტონ ვილა“ შესაძლოა, გუნდის გაძლიერებას „მარსელის“ ფეხბურთელით ცდილობდეს. საქმე მცველ ნახევარმცველ ბუბაკარ კამარას ეხება.
22 წლის ფრანგის კონტრაქტი „მარსელთან“ სეზონის ბოლომდეა გათვლილი. მხარეები გახანგრძლივებაზე ჯერ არ შეთანხმდნენ, ამიტომ ის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.
ფაბრიციო რომანო წერს, რომ მცველი ნახევარმცველი „ასტონ ვილაში“ გადასვლასთან ახლოსაა. ინგლისურმა კლუბმა კამარასთან ზეპირ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა.
ფრანგის მიმართ ინტერესს ასევე იჩენდნენ „ატლეტიკო“ და „არსენალი“.
კამარა „მარსელის“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდაა. კლუბის უფროს გუნდში მისი დებიუტი 2017 წელს შედგა. 2021/2022 წლების სეზონში ნახევარმცველმა 48 მატჩი ჩაატარა (1 გოლი, 1 საგოლე გადაცემა).
Transfermarkt.de კამარას 25 მილიონ ევროდ აფასებს.















